პროკურატურამ დედის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დედის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ო.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს, ქ. სენაკში ო.ბ.-მ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას – რ.თ.-ს, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, რ.თ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.