პროკურატურამ ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შსს-ს ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.