პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

11:18, 11.12.2024

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი