პროკურატურამ ანაკლიაში 2009-2010 წლებში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ ანაკლიაში 2009-2010 წლებში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ათი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი  შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

„პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მოსახლეობას რაიმე  სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ჯ.ქ.-ს მიწის ნაკვეთები, ფართობებით 3203 კვ.მ და 703 კვ.მ, დ.ფ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 3001 კვ.მ,  ნ.ქ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 2801 კვ.მ, დ.გ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 7103 კვ.მ, გ.ქ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 4252 კვ.მ, ო.კ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 12,500 კვ.მ, პ.კ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 1400 კვ.მ, გ.ს-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 5174 კვ.მ, სოფელ გურიფულში მდებარე ზ.ჩ-ს მიწის ნაკვეთები ფართობებით 2629 კვ.მ და 4338 კვ.მ და სოფელ პირველი მაისში მდებარე ზ.ბ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 4802 კვ.მ.  საერთო ჯამში სულ 51 906 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები.

დეპარტამენტის მიერ ყველა ხსენებული პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი, შესაბამისად, შემდგომი სამართლებრივი პროცედურების დაწყების მიზნით დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა ათ დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 12 მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ასევე, მათივე ცნობით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ყოფილი მსჯავრდებულის, ა.შ.-ს მიმართ მიღებული იქნა  გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება.

„აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე  გამოირიცხა ხსენებული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ა.შ. 2011 წელს გასამართლებული იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისა ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიება მას ედავებოდა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 6298 კვ.მ მდებარე ქედის რაიონი სოფელი ორცვაში, კერძოდ  ე.წ ,,გორგინაულის’’ ტერიტორიაზე. 2010 წლის 19 მაისს ინდივიდუალურ მეწარმეს დაამზადებინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაშიც არ მოაქცია კრების ოქმით გაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი და ნახაზში მოაქცია ე.წ „გორგინაულის“ ტერიტორიაზე თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილთან ერთად მომიჯნავე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6298 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 11 021,50 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, დამტკიცდა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და ა.შ  ცნობილ იქნა დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა  პირობითი სასჯელი 6 წელი და ჯარიმა 3000 ლარი.  ამასთან, 2011 წლის 25 აგვისტოს ა.შ-ს და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე  საჯარო რეესტრს წარედგინა განცხადებები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც გაუქმებულ იქნა რეგისტრაცია და უძრავი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ა.შ-მ 2010 წლის 10 მაისს სრულიად კანონიერი მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  მისთვის 1998 წლის 5 მარტის სოფელ ორცვას მეკომურთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.  გამოძიება მის მიმართ წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ა. შ-ს მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.

დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოფილი მსჯავრდებულის ნ.ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ნ.ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ნ.ა-ს ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტზე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულების გამამართლებელი მტკიცებულებები. გამოიკითხა ათამდე მოწმე, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაიკითხნენ ნ.ა-ს დაკავების შემსწრე მოწმეები, რომლებიც თავდაპირველად, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულან. ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები. ვინაიდან საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით ნ.ა-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა და ამასთან, მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან არაჯანსაღი დაინტერესება, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ნ.ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 418 პირი, რომელთაგან 303 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 57 800 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.