პროკურატურა - ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას გადაწყვეტილებებით, „ბანკ ქართუს“ სესხის სახით გაცემული 140 მილიონი ლარის დაბრუნების საშუალება მოესპო
პროკურატურა - ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას გადაწყვეტილებებით, „ბანკ ქართუს“ სესხის სახით გაცემული 140 მილიონი ლარის დაბრუნების საშუალება მოესპო

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ უფროს ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 25, 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე დამატებით სასჯელად მას სამი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გამოყენებით, მას საბოლოოდ ხუთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.

ამავე განაჩენით აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ასევე ამნისტიის გამოყენებით, ორი წლითა და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 25,2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ ადეიშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოახდინა „ბანკი ქართუს“ მოვალე კომპანიების მიერ „ქართუ ბანკიდან“ სესხის აღებამდე თარიღით, სახელმწიფოს წინაშე არარსებული ვალის აღიარება, რითაც კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფომ კომპანიის ქონება გაიტანა აუქციონზე და მოითხოვა უპირველესად მის წინაშე არსებული დავალიანების ანაზღაურება. ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროს ნიკანორ მელიას მითითებით, აუქციონში მონაწილეობის სავალდებულო საგარანტიო თანხის შეტანის გარეშე დაუშვეს ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მაღალი ფასის შეთავაზების გზით გაიმარჯვეს გამართულ აუქციონებში, შემდეგ კი შეგნებულად არ გადაიხადეს ქონების საფასური. შედეგად, ქონება გადაეცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ბანკის იპოთეკა გაუქმდა. ამის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს პრეზიდენტის განკარგულების პროექტების მომზადება ქონების წინასწარ შეთანხმებული არარეალურად დაბალი ფასით „ბანკი ქართუს“ მოვალე კომპანიების მიერ ნდობით აღჭურვილ და შერჩეულ პირებზე მიყიდვის შესახებ, რითაც ფაქტობრივად ხსენებულ პირებს დაუბრუნდათ ქონება, ხოლო სს „ბანკ ქართუს“ მოესპო სესხის სახით გაცემული 140 მილიონი ლარის დაბრუნების საშუალება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს განაჩენის დასაბუთებული ნაწილის შესწავლის შემდეგ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე.