პროკურატურა - ზაზა სარალიძისთვის კარგად არის ცნობილი საქმის მასალები, მათ შორის მტკიცებულებები
თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამისთვის, ზაზა სარალიძისთვის საქმის მასალები კარად არის ცნობილი.
როგორც მალხაზ კაპანაძემ განაცხადა, პროკურატურას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და დღესაც აქვს დაზარალებულ ოჯახებთან.
„რამდენიმე დღეში მთავრდება სასამართლო განხილვა. ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც წესი, ბრალდებულები ცდილობენ, სასამართლოს გამოძიებას მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათი სტრატეგიის დაცვისთვის ხელსაყრელია. თუ ბრალდებულებს თანამშრომლობა რეალურად სურდათ, შეეძლოთ, მთელი ექვსი თვის განმავლობაში მიემართათ საგამოძიებო ორგანოსთვის და მიეწოდებინათ ინფორმაცია. რაც შეეხება მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის შეფასებას, ჩვენთვის ყველა ინფორმაცია, ყველა მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოზე, მნიშვნელოვანია. ჩვენ შევაფასებთ და მოვახდენთ ყველა მტკიცებულების ანალიზს. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც შეაფასებს ამ პირების ჩვენებას და ამის ანალიზს მოვახდენთ. საქმეში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და დღესაც მოწადინებული ვართ, თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. ორივე დაზარალებულისთვის საქმის მასალები კარგად არის ცნობილი, მათ შორის, ზაზა სარალიძისთვისაც“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სჭირდება მტკიცებულებათა გარკვეული სტანდარტი.
„დღეის მოცემულობით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ არსებობს სტანდარტი, რომ აღნიშნული დანაშაული, გარდა ხსენებული ბრალდებულებისა, ჩაიდინა კიდევ სხვა პირმა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით და მკაფიოდ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვახდინოთ ყველა მტკიცებულების ანალიზი, სასამართლოში გამოკვლეული იქნება ეს მტკიცებულება, თუ დაცვის მხარის მიერ იქნება მოპოვებული. ჩვენ, როგორც ამ, ისევე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმეში, გამოვთქვამთ მზადყოფნას, მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სათანადო სტანდარტის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყოთ დევნა ნებისმიერ დანაშაულზე“, – განაცხადა პროკურორმა.