პროკურატურა - სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული მძღოლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა
პროკურატურა - სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული მძღოლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა

სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებული მძღოლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

საუბარია ტაქსის მძღოლის საქმეზე, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა დღეს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ​წაყვანილი ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეები ტაქსის მძღოლმა მოგვიანებით გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატების სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოსდა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.

2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.​

​​აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს.

მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.