პროკურატურა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის მასალებს გადაუგზავნის
პროკურატურა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის მასალებს გადაუგზავნის

საქართველოს პროკურატურა დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის მასალებს გადაუგზავნის. ასევე, რამდენიმე დღეში კომისია საქალაქო სასამართლოდან საქმის მასალების აუდიოჩანაწერებს მიიღებს.

კომისია მიმდინარე კვირაში აღნიშნული საქმის მასალებს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები კომისიის დებულებას დაამტკიცებენ.

„დებულების მიხედვით ავირჩიეთ თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი, კომისიის მდივანი. რეგლამენტიდან გამომდინარე დაკომპლექტებულია შესაბამისად კომისიის ფუნქციები და მოვალეობები. ვფიქრობ, კომისია ძალიან ეფექტური იქნება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამ საქმეში ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას, რადგან საზოგადოებაში არ უნდა დავტოვოთ არც ერთი კითხვა. სამართლიანობა საზოგადოებაში არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ჩვენი ხელისუფლების ასეთი გამოხატული ნება არის მანიშნებელი, რომ პროცესი ეფექტური იქნება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტში 6 ივნისს შეიქმნა. კომისიის შექმნა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა. მათ ამ კომისიაში უმრავლესობა აქვთ. კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ერთი წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის მუშაობაში მონაწილების მიღებაზე უარი თქვა.