პროკურატურა - სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გრძელდება
პროკურატურა - სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გრძელდება

20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები.

„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.

ქ. თბილისში მდებარე 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად იქნა ამოღებული სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

სხვადასხვა ტელეკომპანიიდან და მასმედიის სხვა საშუალებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. აღნიშნული მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.