პროკურატურა „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც „ქართული მარშის“ დაკავებული ექვსი წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც პროცესზე პროკურორმა განმარტა, დაკავებულთა ქმედება ძალადობის ნიშნებს შეიცავდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნას ბრალდებულთა შესაძლო მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით ხსნის.
ბრალდებულ ლადო სადღობელაშვილის ადვოკატმა კი, სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 3 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, 21 მარტს დააკავეს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.