პროკურატურა - ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი ნიადაგი, დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება 
პროკურატურა - ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი ნიადაგი, დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება 

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება ჩატარდა დადგენილ ვადაში და ყველა იმ საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდგომ, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის თაობაზე, – ამის შესახებ პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

როგორც ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს წარედგინათ ბრალდებები სსსკ ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.

მისივე თქმით, საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდია.

„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, პროკურატურის მიერ თორდია ცნობილი იქნა დაზარალებულად. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრათ 5000-5000 ლარის გირაო, ხსენებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს”, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, რადგან საქმეში ფიგურირებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი და აუდიტის სამსახურის უფროსი, არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და პროკურატურამ საქმის გამოძიებაში ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები.

„საქმის გარშემო ტარდებოდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭირო იყო ბრალის წარდგენისათვის. ფაქტიდან წელიწადნახევარიც არ არის გასული, შესაბამისად, გამოძიება ჩატარდა დადგენილ ვადაში და ყველა საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდგომ, მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის თაობაზე”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერს კანონმდებლობით აქვს თავისი საფუძველი, მათ შორის დაზარალებულად ცნობას, ბრალის წარდგენას.

პროკურორის განმარტებით, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს აფიქრებინებს, რომ დანაშაული ჩადენილია ამ კონკრეტული პირების შესაძლო დამნაშავეების მხრიდან.

„პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი ინციდენტი. ეს არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი. ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ პროკურატურა მიმდინარე, პოლიტიკური პროცესებისგან არის დეპოლიტიზირებული. ჩვენ აღნიშნულ საქმეს ვიძიებთ მხოლოდ სისხლის სამართლის ჩარჩოებში. რაც შეეხება ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა თითქოსდა, აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, ამ საკითხთან მიმართებითაც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, დასკვნით ფაზაშია გადასული და ამ საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები რომლებიც ჩვენი ინფორმაციით უახლოეს პერიოდში დადებენ დასკვნას და გახდება ცნობილი”, – განაცხადა პროკურორმა.