პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს, – ამის შესახებ რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს იმუნიტეტი იცავს დაკავების, დაპატიმრებისა და სხვა იძულების ღონისძიებებისგან. ამ ეტაპზე არც ერთი ღონისძიება არ არის გამოყენებული. მოგეხსენებათ, მას ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება ბრალად. ეს არის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, რომლისთვისაც სანქცია არის 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთა. არ გამოვიყენეთ ამ ეტაპზე დაკავებისა და დაპატიმრების ღონისძიებები, ამდენად, არ დგას ამ ეტაპზე იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში.

ვითვალისწინებთ, რომ მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულია, ორ წლამდე სანქციაა, შუამდგომლობით მიმართვა მოხდება აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების მოთხოვნით. რომელიც არ არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან ამ ეტაპზე საუბარი არ არის პატიმრობზე, არ დგას ამ ეტაპზე იმუნიტეტის მოხსნის საკითხი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქალაქ მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.