პროკურატურა -„მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც ეფექტური კვლევების ჩატარებას ართულებს
პროკურატურა -„მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც ეფექტური კვლევების ჩატარებას ართულებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგამოძიებო უწყებაში ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება წარადგინეს.

„აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.  ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას”,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გუშინ ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები წარადგინა. ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ექსპერტიზამ წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოაჩინა. იმ პირების იდენტიფიცირება კი, ვისაც ანაბეჭდები ეკუთვნის, კორძაძის თქმით, გამოძიების პრეროგატივაა.