პროკურატურა - მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლითაც უნდა დადგინდეს, ვის ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთასთან შემხებლობა
პროკურატურა - მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლითაც უნდა დადგინდეს, ვის ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთასთან შემხებლობა

გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლითაც უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რომელმა პირმა მოათავსა ის იქ, სადაც აღმოჩნდა, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნულია 100-ზე მეტი საექსპერტო კვლევა, რომელიც არ არის გამოძიების მიერ გადასაწყვეტი საკითხი, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ექსპერტები მუშაობენ ამ საექსპერტო კვლევებზე.

„ბუნებრივია, არსებობს საზოგადოების ინტერესი, რაც შეიძლება დროულად მიიღოს პასუხები, თუმცა მხედველობაში უნდა ავიღოთ ის მოცემულობა, რომ გამოძიება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო. საექსპერტო კვლევა არის ისეთ პროცედურა, რომლის დაჩქარება თეორიულადაც კი შეუძლებელია, გამოძიებას გარკვეულ შემთხვევეში, საქმის სპეციფიკის, საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკის გათვალისწინებით, სჭირდება გარკვეული ვადები, რათა კონკრეტულ შეკითხვებზე გაიცეს პასუხი. უშუალოდ ჩანთაზე რომ გადავიდეთ, ჩანთასთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო კვლევები, აქედან გამომდინარე კონკრეტულად ვის ჰქონდა ამ ჩანთასთან შემხებლობა, კონკრეტულად რომელმა პირმა მოათავსა ის იქ, სადაც იქნა აღმოჩენილი, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საექსპერტო კვლევები და მივიღებთ შესაბამის სურათს.

საექსპერტო კვლევა ეს არის მნიშვნელოვან პროცესუალური მოქმედება, რომელიც არ ტარდება მხოლოდ რომელიმე მონაწილის სურვილის გათვალისწინებით, ეს არის პროცედურა, რომელიც მიმართულია მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოპოვებისკენ. ყველა ექსპერტიზის შესახებ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, არ ჰქონდეს საზოგადოებას ინფორმაცია, მაგრამ საინტერესო იქნება შუალედური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება, თუ რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის გვამმა წყალში, კონკრეტული დროის დადგენის თვალსაზრისით, ამაზე დანიშნულია ექსპერტიზა, კომპლექსური კვლევები გრძელდება, მას შემდეგ, რაც დასრულდება, საზოგადოებას ამ ინფორმაციას მყისიერად მივაწვდით“, – განაცხადა პროკურორმა.