პროკურატურა - ლევან ხაბეიშვილის ტელეფონთან დაკავშირებით პროკურორის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია დეზინფორმაციის გავრცელებასა და უწყების დისკრედიტაციას ემსახურება
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით პროკურორის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რაც დეზინფორმაციის გავრცელებასა და უწყების დისკრედიტაციას ემსახურება.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა.
ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ, ზოგადად, IPhone-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, გაიხსნას, შესაძლოა, ვერ გაიხსნას. რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.