პროკურატურა - ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ქართველი ექსპერტები დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას, ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია
პროკურატურა - ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ქართველი ექსპერტები დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას, ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ფარულ ჩანაწერში საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას,- ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

„ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტში – 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე. ბრალდებულ ი.მ.-სა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.

ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.