პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას, ამიტომ არ მიაწოდა ღარიბაშვილმა გამომძიებელს ინფორმაცია, ამას პროკურატურა არ იზიარებს

21:16, 16.11.2026

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია. აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, მათ შორის მასმედიაში გამოქვეყნებული.

„ამავდროულად, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით, ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი. თუ ინფორმაცია ბუნდოვანია ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და ბუნდოვანი. რაც მთავარია, იგი არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ საგამოძიებო ორგანომ განახორციელა ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრა დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დეტალების დაზუსტების მიზნით.​ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამავდროულად, საგამოძიებო დანაყოფის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც აღინიშნა, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი