პროკურატურა - გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული პირი, რომელიც პარკით მოძრაობს, დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული
პროკურატურა - გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული პირი, რომელიც პარკით მოძრაობს, დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული

პროკურატურის ინფორმაციით, მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში, არის ლ.კ., რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას და ის ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში.

ამის შესახებ თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის საქმეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი (3 ერთი ოჯახიდან). აქედან 3 პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, ორ პირს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და ამავე დროს საქმეზე გრძელდება გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით.

„ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ მედიასივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ზემოხსენებულ საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც მტკიცებულების სახით გადაცემულია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში, შესაბამისად სპეკულირებაა იმაზე საუბარი, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებს მალავდა ბრალდების მხარე. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ.კ., რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, იგი 2017 წლის პირველ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას – დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია, როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ“, – განაცხადა თბილისის პროკურორმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და აღსრულდეს მართლმსაჯულება.

„ასევე გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულ მხარესთან და მათ ჰქონდათ სრული წვდომა საქმის მასალებთან. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან. არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა ჩაგვეტარებინა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.

აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.

იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა ამოღებული ნივთების ფოტომასალას ავრცელებს.