პროკურატურა - ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოს პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფი ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს
პროკურატურა - ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოს პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფი ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს

ევროპის საბჭომ ფულის გათეთრების დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ქართული სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანობას მორიგი პოზიტიური შეფასება მიანიჭა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პროკურატურის ცნობით, შეფასებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფი, ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით.

უწყების განმარტებით, ევროპის საბჭოს „ვარშავის კონვენციის“ კომიტეტის შეფასების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ ჩვიდმეტ ქვეყანას შორის, რომელსაც სრულად აქვს იმპლემენტირებული „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნები ფულის გათეთრების დანაშაულებზე იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და საქართველოს სისტემის ეფექტიანობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„შეფასების თანახმად, საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით. უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. მათ აქვთ მრავალფეროვანი საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველომ ანალოგიურად პოზიტიური შეფასება დაიმსახურა ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ეხებოდა.

ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყება შემდგომშიც განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას“, – ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.