პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს დადგენილ მოტივს არ ეთანხმება
პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს დადგენილ მოტივს არ ეთანხმება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა.

ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მკვლელობის მცდელობის მოტივის ნაწილში არ ეთანხმება. მისივე თქმით, პროკურატურა პროცესის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს.

„ჩვენ ვეთანხმებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ის ციანიდით გეგმავდა მკვლელობას. არ ვეთანხმებით მოტივს, რაც დაადგინა სასამართლომ, მოტივი არის ანგარება. დავაყენებთ შუამდგომლობას პროცესის დახურვაზე. ეს პროცესის დაცვის მიზანია. საფრთხე მიადგება მართლმსაჯულების ინტერესებს“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დაიწყო. სასამართლო განიხილავს როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნათია ბარბაქაძეა.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა კი, ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა, ანგარების მოტივით ბრალდებული დეკანოზი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში.

ე.წ ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. მოგვიანებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიების ინფორმაციით მას ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. თითქმის 9 თვიანი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო. დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.