პროკურატურა ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს
პროკურატურა ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს

ოპერატორისთვის თვალი იგივეა, როგორც პიანისტისთვის ხელი, – ამის შესახებ პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესზე განაცხადა.

თამარ იაკობიძემ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. ამასთან, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბრალდებულები 5 ივლისს ჟურნალისტებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, აფურთხებდნენ და ურტყამდნენ წიხლებს.

„ოპერატორებს მიაყენეს დაზიანება, ურტყეს სახეში, დაუზიანეს თვალები. ოპერატორისთვის თვალი იგივეა, როგორც პიანისტისთვის ხელი. ამის ჩადენა მოხდა სიძულვილით. არ მიყვარს ძალადობის წინაშე ქალისა და კაცის გარჩევა, მაგრამ ქალ ჟურნალისტებს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, წიხლს ურტყამდნენ. რა თქმა უნდა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე მომატებულია. ხვალ და ზეგ რომელიმე ჟურნალისტი რომ არ მოეწონოთ აქ მყოფ ბრალდებულებს, რა უნდა ვქნათ? დანაშაულის მოტივი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არის და პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ხდის“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

დატოვე კომენტარი