პროკურატურა ბოლნისის ყოფილი გამგებლის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურა ბოლნისის ყოფილი გამგებლის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, გიორგი არევაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი არევაძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა განიზრახა შპს „ხიდისყური-2 000“-ის ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება.

ამასთან, არევაძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 102,5 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გ. ა.-მ განიზრახა შპს „ხიდისყური-2 000“-ის ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. კერძოდ, მისი დავალებით შპს „ხიდისყური-2000“-ის დირექტორი ჯ. მ. მუნიციპალიტეტს უბრუნებდა იჯარით მიღებულ ნაკვეთებს, შემდეგ კი მიწები სპეციალური აუქციონის საშუალებით გასხვისდებოდა.

გ. ა.-ს ორგანიზებით, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2006 წლის 28 აპრილს დამზადდა სანოტარო წესით დამოწმებული ფიქტიური მინდობილობები, რომელთა მიხედვით, თითქოს მიწის მესაკუთრეები ნაკვეთების გასხვისების უფლებას ანიჭებდნენ ქ. თბილისში მცხოვრებ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტებზე მინდობილობის გამცემი პირების ხელმოწერები გაყალბებულია.

მთლიანობაში, გ.ა. თაღლითურად დაეუფლა 44,73 ჰა მიწის ნაკვეთს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 102,5 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

გ. ა.-ს მიმართ დევნა საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 -დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.