პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიების პირველადი სხდომები ახალციხეში დასრულდა
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიების პირველადი სხდომები ახალციხეში დასრულდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები დღეს სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია.

ახალციხეში გამართულ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ახალციხესთან მიმართებაში ძალიან საინტერესო გეგმა არსებობს. ამ პროგრამის მიღმა, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადგმა, პარალელურად კი მოხდება არსებული ხიდის განახლება, ასევე, კოსტავას, ნათენაძის ქუჩების რეაბილიტაცია და სკვერების მოწყობა. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია სწორედ რეკრეაციული ფუნქციის გათვალისწინებით. დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება, ასევე, რაბათის ციხეში. მრავალი ბენეფიციარი ეყოლება ამ პროექტებს, პირველ რიგში, ახალციხელები და ქალაქის სტუმრები, რომლებიც პირდაპირ ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა. უკვე გამოცხადებული და გამოსაცხადებელი ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ ოთხწლიანია და თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.