პროფკავშირების წარმომადგენელი - თბილისში შრომის უსაფრთხოება გაუმჯობესებულია, მაგრამ რეგიონებში ოდნავი წინსვლაც არ აღინიშნება
პროფკავშირების წარმომადგენელი - თბილისში შრომის უსაფრთხოება გაუმჯობესებულია, მაგრამ რეგიონებში ოდნავი წინსვლაც არ აღინიშნება

დედაქალაქში შრომის უსაფრთხოება შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ რეგიონებში ამ საკითხთან მიმართებით ოდნავი წინსვლაც არ აღინიშნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიგა ბექაურმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან განუცხადა, სადაც ახალ ბაკურიანში დაღუპული მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ჩვენი ინფორმაციით, ტვირთამწის დემონტაჟის დროს გაწყდა ერთ-ერთი ბაგირი და ამ დაცემამ გამოიწვია მშრომელის გარდაცვალება. უნდა იყოს შესაძლებელი, რომ შრომის ინსპექტორმა აღნიშნული ტექნიკა გადაამოწმოს, რამდენად იყო ან არ იყო გამართული“, – განაცხადა გიგა ბექაურმა.

პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ეს ფატალურად დასრულებული 22-ე შემთხვევაა მიმდინარე წელს.

უბედური შემთხვევა ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სატრანსპორტო საშუალების ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცის ცხედარი გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.