პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი დაიღუპა
პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი დაიღუპა

საქართველოში სამუშაო ადგილებზე გასულ წელსა და მიმდინარე წლის განმავლობაში 59 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯამში დაშავებულთა რაოდენობამ აღნიშნულ პერიოდში 78 შეადგინა.

კონკრეტულად, პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის გასულ სამ თვეში, სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი გარდაიცვალა და 12 დაშავდა. 2017 წელს კი, 41 დაიღუპა, ხოლო 66 მძიმედ დაშავდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს გამთენიისას უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.