პროფკავშირების ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის 250 ლარით გაზრდა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო
პროფკავშირების ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის 250 ლარით გაზრდა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირის წარმომადგენლები კომპანია „ჯორჯია მანგანეზის“ წარმომადგენლობას შეხვდნენ.

შეხვედრა კომპანიის სპეციალურ მმართველთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან გაიმართა. კომპანიის პოზიცია პროფკავშირების წარმომადგენელმა გაფიცულ მაღაროელებს გააცნო. კომპანია გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას 250 ლარით და შარშანდელი ინფლაციის 5%-იანი მაჩვენებლით შესთავაზა, თუმცა პროფკავშირების ინფორმაციით, „ჯორჯია მანგანეზის“ შეთავაზებაზე აქციის მონაწილეები უარს აცხადებენ.

„შევხვდით კომპანიის სპეციალურ მმართველს. შეხვედრაზე კომპანიას განვუმარტეთ კიდევ ერთხელ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები. კომპანია ძალაში ტოვებს ძველ შემოთავაზებას და ხელფასების ზრდას 250 ლარით სთავაზობს, ამას ემატება შარშანდელი ინფლაციის 5%-იანი მაჩვენებელიც. კომპანია მზადაა ამ შეთავაზების შესრულებაზე, თუმცა მაღაროში დასაქმებულები უარს ამბობენ კომპანიის ამ შეთავაზებაზე“, –  განაცხადა ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა, გიორგი ნეფარიძემ.

გაფიცული მაღაროელები ხელფასების 50 %-ით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მაღაროელებმა გაფიცვა დღეს დილიდან დაიწყეს. ამ დროისთვის ჭიათურის ყველა მაღაროში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.