პროფკავშირების გაერთიანება უმუშევართა შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის 
პროფკავშირების გაერთიანება უმუშევართა შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება უმუშევართა გარკვეული კატეგორიისთვის უმუშევართა შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის.

გაერთიანების ორგანიზებით დღეს თემაზე „უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა” კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

გაერთიანების ინიციატივით, შემწეობა იმ მოქალაქეებს უნდა დაენიშნოთ, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ სამსახური დაკარგეს. შემწეობის მინიმალურ თანხად 200 ლარი დასახელდა, რომელიც უმუშევრებმა უსამსახუროდ დარჩენიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.

როგორც პროფკავშირების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, გიორგი ჭანტურიძემ განაცხადა, სახელმწიფოს აღნიშნული შემწეობა დაახლოებით 48 მლნ ლარი დაუჯდება.

„ჩვენი კვლევის მიზანი იყო წარმოგვედგინა გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს სიღარიბის შემცირება და უმუშევართათვის მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფა. კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც უნდა დაენიშნოთ ადამიანებს, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და დაკარგა სამსახური. ასეთ ადამიანებს უმუშევრობის შემწეობა უნდა დაენიშნოთ 6 თვის განმავლობაში და უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს, რაც არის ოჯახის საარსებო მინიმუმის დაახლოებითი თანხა. ასევე, ეს არის ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო შემწეობაზე ოდნავ მეტი, რაც მოტივაციას მისცემს ადამიანებს, დაიწყონ მუშაობა. ბიუჯეტს რაც შეეხება, დაახლოებით 48 მლნ ლარია საჭირო, რათა 40 000 ადამიანმა, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, მიიღოს 200 ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

ამასთან, პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ყველა უმუშევრისთვის სახელმწიფომ მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა უზრუნველყოს, რაც საშუალებას მისცემთ მათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდეთ“, – განაცხადა ჭანტურიძემ.

მისი თქმით, დღეს არსებული მომზადება-გადამზადების პროგრამით, საქართველოში არსებული ყველა უმუშევრის გადამზადებას 138 წელი დასჭირდება.

„დღეს არსებული მომზადება-გადამზადების კურსი წელიწადში ამზადებს დაახლოებით 2 000 ადამიანს, ხოლო 2 000 ადამიანის მომზადება ნიშნავს, რომ ყველა უმუშევრის გადამზადებას დასჭირდება 138 წელიწადი, შესაბამისად, ეს არის არაეფექტური პროგრამის ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჭანტურიძემ.