პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს ქართველური ენების კვლევების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია მიენიჭა
პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს ქართველური ენების კვლევების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია მიენიჭა

ვარშავის უნივერსიტეტში წმ.გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გელათის აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს ქართველური ენების კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს წმ.გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ყოლბაიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მარგალიტის თვლებით და მინანქარით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმ.გრიგოლის ხატია გამოსახული.

დაჯილდოვების ცერემონიალი, 6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში პოტოცკების სასახლეში წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართება.