პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „გარემოსდაცვითი მმართველი“ სწავლა დაიწყო

12:22, 23.02.2026

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 23 თებერვალს პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „გარემოსდაცვითი მმართველი“ სასწავლო პროცესი დაიწყო.

ცენტრის ინფორმაციით, კურსის აღნიშნული ნაკადზე 23 მსურველი ისწავლის. ამათგან შვიდი – ფიზიკური პირი და 11 კომპანიის წარმომადგენელია.

სასწავლო პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. პროგრამის სრული ხანგრძლივობა ოთხი კვირაა (55 საათი). კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. აღნიშნული სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების საფუძველზე.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი – არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტი – ინერტული ან 120 კგ სახიფათო ნარჩენი, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი – გარემოსდაცვითი მმართველი. აღნიშნულმა მოთხოვნამ სხვადასხვა სექტორში კვალიფიცირებული სპეციალისტების საჭიროება მნიშვნელოვნად გაზარდა.

პროგრამის მიზანია ისეთი გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც ეფექტიანად განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ნარჩენების კლასიფიცირებას, ნარჩენების მართვის გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, ელექტრონულ სისტემებში მუშაობას, თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმებს.

მსგავსი