ირაკლი პეტრიაშვილი – გერმანიაში ქართველი მძღოლები გაფიცული არიან არა ხელფასის გაზრდის, არამედ ანაზღაურების მოთხოვნით, გერმანიის, პოლონეთის პროფკავშირები ჩართული არიან და პრობლემა გადაწყდება

13:38, 04.04.2023

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ქართულ მხარესთან ერთად, პროცესში ჩართული არიან პოლონეთისა და გერმანიის პროფკავშირებიც.

„მძღოლები დღესაც გაფიცული არიან. პოლონურ კომპანიაში დასაქმებულია უამრავი მძღოლი. 200-მდე მძღოლი ორი კვირის განმავლობაში ავტომობილებში ათენებს ღამეებს. ჩემი ევროპელი კოლეგების, პარტნიორების გაკვირვებას იწვევს ის, რომ ისინი გაფიცული არიან არა ხელფასების გაზრდის, არამედ ნამუშევარი ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით. ამ ხალხს საკვების საშუალებაც კი არ ჰქონდათ იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასები არ აქვთ. ბრიუსელის ოფისი, გერმანიის, პოლონეთის პროფკავშირები ჩართული არიან ამ საქმეში და ეს პრობლემა გადაწყდება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი თქმით, სოლიდარობის ნიშნად, სატვირთოს მძღოლები გაიფიცნენ იტალიაშიც.

პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შრომითი პირობები დაირღვა გერმანიაში დასაქმებული სტუდენტებისთვისაც. მათი თქმით, საქართველოს პროფესიულ კავშირებს დახმარების თხოვნით დაუკავშირდა 16 სტუდენტი, რომლებიც არდადეგების პერიოდში ქართული დამსაქმებელი კომპანიის მეშვეობით ჩავიდნენ გერმანიაში.

„შოკოლადებისა და ჟელიბონების ქარხნის ნაცვლად, აღმოჩნდნენ ავტომობილების ნაწილების ქარხანაში, რვასაათიან პირობებში 12-დან 15 კილოგრამამდე ტვირთების ზიდვა უწევდათ. ასევე, ჰქონდათ ცუდი საცხოვრებელი პირობები“, – აღნიშნეს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

მსგავსი