პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ექვსი ქვეყნის წარმომადგენლობა ეწვევა
პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ექვსი ქვეყნის წარმომადგენლობა ეწვევა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია – „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში“ გაიხსნება.

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში მხარეებმა გაიზიარონ რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილება. აღნიშნული მიზნის ფარგლებში მთავარი თემა იქნება – სკოლა, კოლეჯი, კომპანია, როგორც სწავლების ადგილი.

ასევე კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალურ პარტნიორობის კუთხით.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის მიზანი პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი სერვისების მიწოდებაა. განსახილველ საკითხებს შორის იქნება ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების
პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული
განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

საკონფერენციო სივრცეში ასევე მოეწყობა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ყაზახეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.

კონფერენციას გახსნიან დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორები – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები – ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.

კონფერენცია დღეს, 10:00 საათზე გაიმართება.