განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების ხარისხის და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს (WB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შესაბამის შეთანხმებას ხელი, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის განათლების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო ქუთათელაძემ მოაწერეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი სისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.

ირინა აბულაძის განცხადებით, პროფესიული განათლების მიმართულება რეფორმის მთავარი პრიორიტეტია და შესაბამისად, სამინისტრო დიდ აქცენტს აკეთებს პროფესიული განათლების მართვის ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ხარისხის ამაღლების ეფექტიანი გზების მოძიებას ითვალისწინებს ახალი პროექტი, რომელიც რეფორმის განხორციელების ფაზაში, საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ძირითადი მხარდამჭერი იქნება.

 

დატოვე კომენტარი