„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი კოლეჯ „მერმისის“ კულინარიის ხელოვნების სტუდენტი ხატია ნადარეიშვილი გახდა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის კატეგორიაში სათავგადასავლო ტურიზმის პედაგოგი არჩილ ცინცაძე დააჯილდოეს, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კატეგორიაში გამარჯვებულია „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორად „ენერგო-პრო“ დასახელდა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი წელს მესამედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის გაძლიერება და პოპულარიზებაა.

ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ორგანიზატორი და ინიციატორი ათასწლეულის ფონდი. წელს სპეციალური პრიზი დააწესა ისრაელის საელჩომ.

გალა დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის, განათლების სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.