პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო
საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ნინო წერეთელთან ერთად გაეცნო.
მინისტრი ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
განათლების სამინისტროს ცნობით, 2025 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 31 მაისს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 1-ელ ივნისს ატარებს.
ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება. წელს გამოცდებზე რეგისტრირებულია 5 116 მსურველი. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია ტესტის შესახებ, მათ შორის ნიმუშები. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა ერთი საათი და 30 წუთი.
აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ, 28 მაისის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება. საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მსურველები ყოველგვარი შეფასების გარეშე გაეცნენ სისტემას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.