პროფესიულ განათლებაზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პროფესიულ განათლებაზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიულ განათლებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში ერთის მხრივ პროფესიული მომზადების ახალი კურსების შექმნისა და ადაპტაციის, ხოლო მეორეს მხრივ ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზით.

ასევე, მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად, გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ესენია – სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება. მოკლევადიანი კურსები სექტემბერში დაიწყება, დისტანციურად ჩატარდება და სრულად იქნება ადაპტირებული მონაწილეთა საჭიროებებზე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში იგეგმება ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც. თანამშრომლობა შედგა პროფესიულ კოლეჯებთან – „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“, რის შედეგადაც პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომავალი ორი კვირის განმავლობაში. პროგრამის კურსდამთავრებულები ორენოვან სახელმწიფო სერტიფიკატს მიიღებენ, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ინკლუზიურობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შშმ პირებისთვის ახლა უკვე მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზების საშუალება. ეს მათ მისცემს დასაქმების შესაძლებლობას და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებულია ისეთი პროფესიები, რომლებიც წარმოადგენს მომავლის პროფესიებს, ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დასაქმების პერსპექტივასაც და მომავალში იგეგმება ამ შეთავაზებული ადგილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ თანამედროვე პროფესიების დაუფლებისა და შემდგომში ამ პროფესიებით ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა“, – აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი.

მისი განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტია.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტია როგორც COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების, ასევე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. შშმ პირთა წვდომა მაღალი ხარისხის და საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ განათლებაზე მნიშვნელოვანია როგორც უფლებრივ ჭრილში, ასევე დასაქმების კუთხითაც. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ და სხვა პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველვყოთ თავად შშმ პირების ჩართულობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შშმ თემმა თავად გადაწყვიტა, თუ რომელი პროფესიული კურსის გავლა იქნებოდა მათთვის პრიორიტეტული“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვეხმარებით შშმ პირებს იმაში, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაძლიერდნენ პროფესიულ საქმიანობაში და ამით გავაძლიეროთ ისინი, რომ მომავალში ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ნებისმიერ ბიზნესში, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სამსახურში“, – აღნიშნა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.