პროექტის „ოპერა რეგიონებში“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ ოპერას წარმოადგენენ
პროექტის „ოპერა რეგიონებში“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ ოპერას წარმოადგენენ

11 სექტემბრიდან პროექტი „ოპერა რეგიონებში“ იწყება.

პროექტის ფარგლებში აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ ოპერას იხილავს. ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი“ ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის „ფოლქსთეატრის“ მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონში „სალონურ ოპერაში“ და ბრატისლავაში „ზიჩი პალასში“ იყო წარმოდგენილი.

კამერული, ე.წ. სალონური ოპერა საქართველოში სიახლეა. სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან.

საქართველოდან ოპერაში მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე.

საოპერო წარმოდგენები რეგიონებში 11 სექტემბრიდან დაიწყება და პირველი სპექტაკლი ქალაქ ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდში გადაინაცვლებენ და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარმოადგენენ სალონურ ოპერას. 15 სექტემბერს სპექტაკლი გაიმართება ჭიათურაში, ა. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში. 18 სექტემბერს საოპერო წარმოდგენა პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში შესრულდება. 19 სექტემბერს მუსიკოსები ნიქოზში ჩავლენ და შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართავენ წარმოდგენას კულტურის ცენტრში. 20 სექტემბერს საოპერო წარმოდგენა რუსთავში გაიმართება. კამერული ოპერის ტური რეგიონებში 24 სექტემბერს ახალქალაქში, კულტურის სახლში დასრულდება.

პროექტი „ოპერა რეგიონებში“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.