პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება
პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  24 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ესტუმრებიან და საარქივო მასალებს დაათვალიერებენ.

პროექტი „საქართველოს მატიანე“ 2017 წლიდან მიმდინარეობს და გულისხმობს სტუდია „მემატიანეს“ არქივიდან კინოფირების (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას.

პირველ ეტაპზე, 2017 წლის 15 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მემატიანეში არსებული კინოფირებისა და აუდიომასალის ნაწილის, 4 385 კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და დიგიტალიზაცია განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპზე ხორციელდება 12 000 კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან ერთი წუთის ციფრულ ფორმატში გადატანა.

კინოსტუდია „მემატიანეს“ საცავში დაცულია უნიკალური მასალები და მათი რაოდენობა 25 000 ყუთს აღემატება, მათ შორის არის არაიდენტიფიცირებული ქრონიკალურ-დოკუმენტური მასალა (დაახლოებით 3000 ყუთი) რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებს შეიცავს – 1918 წლიდან 2000 წლამდე. მათ შორის არის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები, საქართველოს გვარდიის ჯარების ბათუმში შესვლა, აფხაზეთის ომის ქრონიკები, დოკუმენტური ციკლის „საქართველოდან ევროპაში“ უნიკალური მასალა და სხვა.