პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ“ დაიწყო
პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ“ დაიწყო

თბილისის მერიის ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ“ (Tbilisi Classic Open Air) დაიწყო. ​ღონისძიების ფარგლებში პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

განახლებული ორბელიანის მოედანზე პოლონეთის ქალაქ ჟესუვის ორკესტრის მუსიკოსებმა ქართველი მაესტროს, დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით დაუკრეს. მუსიკოსებმა პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები სოლისტ მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკთან ერთად შეასრულეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტი თბილისის ცის ქვეშ სხვადასხვა კონცერტის სახით გაგრძელდება.

„დღეს გვაქვს კლასიკური მუსიკის საღამო. ეს პროექტი ჩვენ შარშან დავიწყეთ თბილისის ცის ქვეშ. საღამოს წარმოდგენილია პოლონეთის ორკესტერი. ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან სასიამოვნო განწყობაა, ლამაზი საღამოა და ეს პროექტი სხვადასხვა კონცერტების სახით აუცილებლად გაგრძელდება დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ“ (Tbilisi Classic Open Air) ფარგლებში დღეს ასევე მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა.