პროექტების მართვის სააგენტო მიმდინარე პროექტების მოდერნიზებას ახორციელებს
პროექტების მართვის სააგენტო მიმდინარე პროექტების მოდერნიზებას ახორციელებს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მიმდინარე პროექტების მოდერნიზებას ახორციელებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, პაატა შეყელაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც შეყელაძემ განმარტა, ამის მიზანია, პროგრამები მაქსიმალურად მოარგოს ბენეფიციარების ინტერესებს. შეყილაძე არ გამორიცხავს, რომ საბანკო კრედიტების პროცენტების დაფინანსების გარდა, ბენეფიციარი კომპანიების კაპიტალის სუბსიდირებაც მოხდეს.

„არ გამოვრიცხავ აღნიშნული ტიპის მოდერნიზებას“, – განაცხადა შეყელაძემ გადაცემის თანაწამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია საბანკო კრედიტის დაფინანსების გარდა, უშუალოდ კაპიტალის სუბსიდირება.

შეყელაძის განმარტებით, დაგეგმილია ახალი პროგრამებიც და აუცილებელია მოსახლეობის მეტი ჩართულობა, რათა თავად ბენეფიციარების იდეების გათვალისწინებით მოხდეს პროექტების ცვლილება.

ამასთან, შეყელაძემ განმარტა, რომ მოდერნიზების ფარგლებში, შეჩერებულია სამაცივრე მეურნეობების დაფინანსების პროექტი, რათა ეს კომპონენტი უფრო თანამედროვე, გამარტივებული და ფერმერების ინტერესებზე მორგებული გახდეს.

დღეის მდგომარეობით, სააგენტოს თანადაფინანსებით უკვე შექმნილია 45 გადამამუშავებელი და 14 სამაცივრე-სასაწყობე საწარმო. შეყილაძე აღნიშნავს, რომ აქამდე ქვეყანაში წარმოებისთვის საჭირო პირველადი ნედლეული არ იყო და ახლა იქმნება. სამომავლოდ, სააგენტო ბიოწარმოების წახალისებასაც აპირებს.