პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეთა შერჩევა დაიწყო
პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „მოხალისე პედაგოგი 2021“ დაიწყო.

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პროექტის მიზანია, შეირჩნენ სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებიც პირობითი მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა საგანში ონლაინგაკვეთილებს ჩაატარებენ.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მოქალაქეს ან სტუდენტს, რომელსაც სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს დასახელებული კატეგორიის ადამიანებისთვის კონკრეტული საგნის სწავლებაში ან ცოდნის გაღრმავებაში და წვლილი შეიტანოს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს სასურველი მიმართულებით ცოდნის დაუფლების და გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების გაკეთება 28 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

კურსის დასრულების შემდეგ, მოხალისე პედაგოგები სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, განრიდებული პირების მხარდაჭერისა და პირობით მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განაცხადის გასაკეთებლად დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=328802.