პროექტ ავტო-ლიფტის პრეზენტაცია რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში ხვალ გაიმართება
პროექტ ავტო-ლიფტის პრეზენტაცია რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში ხვალ გაიმართება

რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში ხვალ პროექტ ავტო-ლიფტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ავტო-ლიფტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში განხორციელდა.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ავტო-ლიფტი ხელს უწყობს პარკირების პრობლემის გადაჭრას.

„პირველად საქართველოში, ქართველი ინჟინრების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებულია ამწე-მექანიზმი, რომელიც ხელმისაწვდომობასთან ერთად, ტექნიკურად საიმედოა. ამწეს არ აქვს სიმაღლის შეზღუდვა და იწყობა ძალიან მარტივად. ავტო-ლიფტის იდეა და დამუშავება განახორციელა შპს „რევერსმა“, დამზადდა რუსთავის ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში. ავტო-ლიფტი ცვლის ძვირადღირებულ და მოუხერხებელ პანდუსს, იგი მონტაჟდება ნებისმიერი შენობის სარდაფის სართულზე და აჰყავს და ჩამოჰყავს მანქანა ნებისმიერ სიმაღლეზე. ლიფტის ტვირთამწეობა სამი ტონაა, თუმცა ამ მაჩვენებლის შეცვლა შესაძლებელია ინდივიდუალურად, მოთხოვნის მიხედვით. ლიფტს აქვს როგორც მექანიკური, ასევე, ელექტროდაცვის სისტემა. მექანიზმი (გამოგონება) დაცულია პატენტით“,- აცხადებენ პროექტის ავტორები.

მათივე ცნობით, შპს „რევერსის“ შექმნილია ასევე პირველი ქართული ვერტიკალური პარკინგის სისტემა, რომლის საცდელი ნიმუში დამონტაჟებულია თბილისის ვაგონმშენებელ ქარხანაში.

„შპს „რევერსის“ მიერ დაპატენტებულია პარკირების მრავალნაირი ვარიანტი, რომლებიც მორგებულია თბილისის რთული გეოგრაფიული რელიეფისთვის. პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 12:00 საათზე, რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში გაიმართება, დაინტერესებული პირებისთვის, რუსთავში წასასვლელად, შეკრების დრო და ადგილია: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი (ველოსიპედთან), 11:00 საათი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ხვალინდელი პრეზენტაციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

დატოვე კომენტარი