პრობლემური სესხი „ვითიბი ბანკის“ 13 000-ზე მეტ მომხმარებელს გაუნულდება
პრობლემური სესხი „ვითიბი ბანკის“ 13 000-ზე მეტ მომხმარებელს გაუნულდება

სესხების განულების ინიციატივის ფარგლებში, პრობლემური სესხი „ვითიბი ბანკის“ 13 000-ზე მეტ მომხმარებელს გაუნულდება, მათ შორის არის 2084 სოციალურად დაუცველი და 364 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

როგორც პირველ არხს „ვითიბი ბანკის” რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა განუცხადა, შესაბამისი გარიგება ფონდ „ქართუსთან“ გუშინ დასრულდა.

„ვითიბი ბანკი“ ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ფიზიკური პირების დაკრედიტებას. ჩვენს მიერ გადაცემული პრობლემური სესხების მოცულობა პროგრამაში ჩართული მთლიანი პორტფელის მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდა 13 000 მსესხებლისთვის სესხების განულება, ხოლო სესხების ოდენობა შეადგენს 16 000-ს. მათ შორის არის დაახლოებით 2400 შშმ და სოციალურად დაუცველი პირი. გარიგება ფონდ „ქართუსთან“ გუშინ დასრულდა და დღეს უკვე ჩვენს მიერ გადაცემული ინფორმაცია ატვირთულია ვებგვერდზე. ფონდისთვის გადაცემული პორტფელის ძირითადი თანხა დაახლოებით 8 მლნ ლარს შეადგენს”, – განუცხადა პირველ არხს ნიკო ჩხეტიანმა.

ვებგვერდზე vali.ge „ვითიბი ბანკის“ მომხმარებელთა სიები დღეს აიტვირთა.