პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მანჩესტერის ტერაქტს გადარჩენილი 12 წლის ამელია ქორწილში დაპატიჟეს
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მანჩესტერის ტერაქტს გადარჩენილი 12 წლის ამელია ქორწილში დაპატიჟეს

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მანჩესტერში, 2017 წლის მაისში განხორციელებულ ტერაქტს გადარჩენილი 12 წლის გოგონა ქორწილში დაპატიჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც 12 წლის ამელია ტომსონი ყვება, სამეფო ოჯახის მხრიდან ქორწილში დაპატიჟება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამელიას თქმით, თავდაპირველად მან ეს ხუმრობად მიიჩნია, თუმცა მალე შეიტყო, რომ მოსაწვევი ნამდვილი იყო.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ამელია ქორწილში დედასთან, ლიზა ნიუტონთან ერთად მიიწვიეს, თუმცა დედამ თავისი მოსაწვევი შვილის მეგობარს მისცა, რომელიც ასევე ტერაქტის დროს გადარჩა.

ტერაქტი მანჩესტერში 2017 წლის 22 მაისს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტზე აიფეთქა თავი. თავდასხმას მაშინ 22 ადამიანი ემსხვერპლა.

სამეფო ქორწილი 19 მაისს არის დაგეგმილი.