პრიმერას პრეზიდენტი - კრიშტიანოს წასვლამ ლა ლიგაზე ვერ იმოქმედა, მესისთან დაკავშირებით სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა
პრიმერას პრეზიდენტი - კრიშტიანოს წასვლამ ლა ლიგაზე ვერ იმოქმედა, მესისთან დაკავშირებით სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა

პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კრიშტიანო რონალდოს „რეალ მადრიდიდან“ წასვლის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ფაქტმა  ესპანეთის პირველობაზე განსაკუთრებული გავლენა ვერ იქონია.

„კრიშტიანოს წასვლამ „რეალ მადრიდში“ დიდი გაწბილება გამოიწვია, თუმცა ლა ლიგაზე ამან უარყოფითად ვერ იმოქმედა. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ჩვენი პირველობის ბრენდი უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე ცალკეული ფეხბურთელებისა“, – ამბობს ტებასი „მარკასთვის“ (Marca) მიცემულ ინტერვიუში, – „თუმცა, ლიონელ მესისთან დაკავშირებით სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის სულ აქ თამაშობს. ლეო ესპანური ფეხბურთის სიმბოლოა და ძალიან მინდა, რომ მან კარიერა ჩვენ ჩემპიონატში დაასრულოს“.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ფეხბურთის თამაში მშობლიური როსარიოს საფეხბურთო კლუბ „ნიუელსში“ დაიწყო, 14 წლის ასაკში კი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. კატალონიელთა ძირითად გუნდში არგენტინელი 2004 წლიდან თამაშობს.