პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ექვსი კერძო ბიზნესს წარმოადგენს, ხუთი კი დროებით უმუშევარია
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ექვსი კერძო ბიზნესს წარმოადგენს, ხუთი კი დროებით უმუშევარია

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც მათი დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სამუშაო ადგილია მითითებული.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ კანდიდატებიდან ყველაზე ხანდაზმული თემურ შაშიაშვილია (დაბადების თარიღი 01.04.1951), ყველაზე ახალგაზრდა კი ზვიად ბაღდავაძე (დაბადების თარიღი 22.02.1980). ამასთან, პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დროებით უმუშევარია – ზვიად ბაღდავაძე, ირაკლი გორგაძე, გრიგოლ ვაშაძე, ზვიად იაშვილი და თეიმურაზ შაშიაშვილი.
ექვსი კანდიდატი კერძო სექტორშია დასაქმებული.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ბესარიონ თედიაშვილი შპს „თფ ქონსტრაქშენს“-ის დამფუძნებელი, ასევე საქართველოს გოლფისა და მინიგოლფის ფედერაციების პრეზიდენტია; „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჩხეიძე შპს იურიდიული ფირმა „ჩხეიძე და პარტნიორების“ დირექტორია; პარტია „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“-ს კანდიდატი თამარ ცხორაგაული მეწარმეა, თუმცა სამუშაოს ადგილი მითითებული არ აქვს; საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ვლადიმერ ნონიკაშვილი შპს გამომცემლობა „პარაგრაფის“ დირექტორია; კერძო ბიზნესით დაკავებულია პრეზიდენტობის კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძეც – მას ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი აქვს; სასტუმრო „ბოჰო ტიფლისშია“ დასაქმებული „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ოთარ მეუნარგია.

სიაშია პარლამენტის ორი წევრი – დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი. რამდენიმე კანდიდატი საგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული: პარტია „გირჩის“ კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი მიხეილ ანთაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი, გიორგი ანდრიაძე კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

პარტიული თანამდებობები უკავიათ შემდეგ კანდიდატებს: შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე), მიხეილ სალუაშვილი („სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე), ზვიად მეხატიშვილი („საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ კომიტეტის წევრი), ვახტანგ გაბუნია („ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ რეგიონული მდივანი), დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი), აკაკი ასათიანი („ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარე), გელა ხუციშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი), კახა კუკავა („თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე).

პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი კიდევ ოთხ ადგილასაა დასაქმებული – არის საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი; ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი; გ. ლილუაშვილის ფონდის პრეზიდენტი და ქ. თბილისის 81-ე საჯარო სკოლის ექიმი.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ 25 კანდიდატია რეგისტრირებული.