პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა
პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა.

თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) – ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში  შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი – ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე – ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

მსახიობი ნათელა მაჭავარიანი – ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი – ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე – ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი – ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია – ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარების საქმეში.

„ჩვენს ქვეყანაში ქალების როლი განსაკუთრებულია და ეს ისტორიიდან მოგვყვება, როგორც ამ ქვეყნის დამახასიათებელი ნიშანი. ის თანასწორობა, რომელზეც დღეს ბევრს საუბრობენ და რომელიც  ბევრი ქვეყნისთვის მიზანს წარმოადგენს, ჩვენთან მოცემულობაა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, თუნდაც იმ საკითხებში, რომელიც ხელფასების გათანაბრების საკითხსა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას ეხება.

ბევრია გასაკეთებელი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურაში ალბათ სიახლეა და უფრო მეტად დაკავშირებულია დღევანდელ სოციალურ ფონთან, ეს არის ის, რაც არ ეკადრება საქართველოს, ქართველებს და ქართულ კულტურას.

ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც 103 წლის წინ ქალებმა პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მიიღეს და გვყავდა ხუთი ქალი დეპუტატი, მათ შორის, პირველი მუსლიმი ქალი. დამოუკიდებლობის აქტზე ქალები აწერენ ხელს.
ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც იუნკერებთან ერთად იბრძოდა და დაიღუპა მარო მაყაშვილი.

სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ქალია წასული ქვეყნიდან იმისთვის, რომ ეკონომიკურად დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს და იქიდან გამოგზავნონ აუცილებელი დახმარება. ეს ნიშნავს დაყოფილ ოჯახებს, ერთმანეთს დაშორებულ შვილებს და დედებს, რაც თავისთავად იმ ოჯახური განათლების სერიოზულ პრობლემას იწვევს, რომელიც სრული განათლების განუყოფელი ნაწილია. თუ არ არსებობს ოჯახი, რომელიც პირველად განათლებას აძლევს ბავშვს, შემდგომში საქმე გვაქვს ძალიან მძიმე სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. ანუ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც უთუოდ უნდა მივხედოთ. ეს უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი.

ჩვენ დროს კი არ უნდა ვკარგავდეთ დაპირისპირებებსა და პოლარიზაციაში, ჩვენ უნდა მივხედოთ იმ მთავარ ამოცანებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. სწორედ ამით წავალთ წინ და შევძლებთ, რომ საქართველო მართლაც შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და თავისი მომავალი ამ სტაბილურ გარემოში მონახოს.

გადავწყვიტეთ, კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებიდან 8 მარტისთვის რვა ქალი შეგვერჩია და ეს იქნებოდა სწორედ იმის სიმბოლო, რა შეუძლიათ ქართველ ქალებს.

სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.