პრეზიდენტმა პიანისტი ლექსო თორაძე, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა პიანისტი ლექსო თორაძე, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის, მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის საღამოზე შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო ლექსო თორაძის დას და მეუღლეს პირადად გადასცა და აღნიშნა, რომ  ეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა არა მხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ დიდ ადამიანს.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ლექსოს, რამეთუ ეს საღამო მან გვაჩუქა. დღეს არ შევიკრობებოდით აქ მისი ახლობლები, მეგობრები და მუსიკოსები, რომ არა ლექსო და რომ არა ეს ღიმილი, რომელიც ამ თვალებიდან მოდის და მისი სითბოს ნამდვილობას ასხივებს.

რატომღაც ჩემ თავს მის მეგობრად ვთვლიდი, რადგან მას ჰქონდა უნიკალური უნარი – გხვდებოდა როგორც მეგობარს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას და გზა მშვიდობისა!

როგორც პრეზიდენტმა კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ლექსოს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება. შესაძლოა, ასე იყო საჭირო, რომ ეს ჯილდო დღეს, მისი 70 წლის იუბილეზე ყოფილიყო გადაცემული, რადგან ჩვენ ვაჯილდოებთ არა მხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ ძალიან დიდ ადამიანს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო დონის გამოჩენილი ქართველი პიანისტები და მუსიკოსები: ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი.