პრეზიდენტმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებმაც „ვეფხისტყაოსნის“ კითხვისა და ხატვის კონკურსში გაიმარჯვეს.

სალომე ზურაბიშვილს ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ამორჩეული მონაკვეთები წაუკითხეს.

პრეზიდენტმა კულტურის ცენტრის ფოიეში ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი და გამოფენილი საკონკურსო ნამუშევრებიც დაათვალიერა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე დააჯილდოვა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ქართული ენის კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა.