პრეზიდენტის სასახლესთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა
პრეზიდენტის სასახლესთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა

პრეზიდენტის სასახლესთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა. აქციაზე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპატიმრო არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო მსჯავრდებულმა პირმაც დატოვა.

ორგანიზატორებმა საკუთარი პროტესტი ფოტოგამოფენით დააფიქსირეს, სადაც სიმბოლურად ასახულია არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები და ძალადობის სტატისტიკა.

აქციის მონაწილის, მიშა ქუმსიშვილის განმარტებით, მათ ამ გამოფენით სურვილი აქვთ, რომ საზოგადოებას ანახონ, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი. მისივე თქმით, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა სავალალოა.

„ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში გადადგა სწორედ იმ ფონზე, როდესაც გარდაიცვალა ბავშვი. ბარბარე რაფალიანცის საქმე ყველას კარგად გვახსოვს, ხოლო პოლიტიკურ პროცესებს და მოღვაწეობას ასრულებს უკვე ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე ადამიანების ციხიდან გამოშვებით, მათზე ამნისტიის განხორციელებით, რაზეც ხელი მოაწერა ქალბატონმა, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია.

არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა სავალალოა. მხოლოდ წინა წელს 287 პრეცედენტი დაფიქსირდა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ რაიმე ნაბიჯი გადადგას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირიქით, ახდენენ წახალისებას. ჩვენი ამოცანა დღევანდელი პერფომანსის და ფოტოგამოფენის იყო ლუსტრაცია იმ პოლიტიკოსების, და პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის, ვინც ასეთ უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის. ხალხმა უნდა იცოდეს, რა გააკეთა მათმა არჩეულმა პრეზიდენტმა“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო მსჯავრდებული არ არის. წულუკიანმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მარიამობის შეწყალების აქტში 140-ე მუხლით არც ერთი პატიმარი შეწყალებული არ არის. სსკ-ის 140-ე მუხლი გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.