პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესა და სახელმწიფო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. ამ წუთებში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

აუდიენციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე ქართული და უცხოური მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„პირველი ჩამომსვლელი გახლავთ ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის ორმხრივი ვიზიტიც სპეციალურად ეძღვნება ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია, პრეზიდენტების შეხვედრის დროს ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება.

ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პერსპექტივებზე, რომელიც არსებობს. თავისთავად ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატო-ს სამიტის კონტექსტში და განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები და ის ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე საქართველომ და ლიეტუვამ ერთად, კოორდინირებულად უნდა გადავდგათ“, – განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.